logo
ENG



"შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც" - მოსამართლე აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარს ამბობს

13 აპრ 202321:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/13/btiuqtxbhwbm7qk.jpg

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი აცხადებს, აშშ-ში მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტზე უარს ამბობს. გამოცემა ინტერპრესიუსის ცნობით, მოსამართლე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მოსამართლე ამბობს, რომ სასწავლო ვიზიტმა პროფესიული დანიშნულების გარდა პოლიტიკური შინაარსიც შეიძინა.

"როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი იყო მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ დღეებში აღნიშნულმა ვიზიტმა შეიძინა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც", - წერს მოსამართლე.

დღეს, 13 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე 3-მა მოსამართლემ თქვა უარი. 

გვრიტიშვილი ამტკიცებს, რომ ეს სოლიდარობის აქტია, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მოსამართლეს აშშ-ში ტრენინგზე ვიზიტი სურდა, თუმცა მათზე გავლენიანი კოლეგების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.

ფორმულამ  სასამართლოდან კონფიდენციალურობის დაცვის პირობით გაარკვია, რომ რამდენიმე მოსამართლეს აიძულებენ პროექტზე უარი თქვან და სანქცირებულებს ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადონ.

ფორმულამ გაარკვია, რომ აპლიკანტებს შორის ერთ-ერთი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილია, რასაც თავადაც გვიდასტურებს. ის არც ამერიკაში წასვლის სურვილს მალავს, თუმცა გავლენიანი კოლეგების მხრიდან ზეწოლას უარყოფს. ფორმულამ კიდევ რამდენიმე აპლიკანტის გვარი გაარკვია. მათ შორის არიან ქუთაისის და ბათუმის სასამართლოების მოსამართლეები.

მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ზეწოლას უარყოფდა რამდენიმე თვის წინაც, როცა ამერიკის საელჩომ ნიკა გვარამიას განაჩენის ავტორი - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, პროექტიდან მოხსნა. რამდენიმე დღეში კი 5-მა მოსამართლემ ამერიკაში წასვლაზე უარი თქვა.

როგორი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ დაგეგმილი პროფესიული ტრენინგის მონაწილეთა საბოლოო სია ეს უახლეს კვირებში გაირკვევა, როცა საელჩო განაცხადებს გადაარჩევს.

* * *

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს. 


close დახურვა